Drawing is not a thing, it's a process.
On January 1st, 2024, after a long pause I picked up drawing again and gave myself an assignment to draw every day throughout the whole year.
Luckily it was also a leap year.
This text, written on the drawing from 25.07.2024 explains my daily drawing process to me:
When reality gets boring go back to abstraction
when abstraction gets boring go back to reality
ანა ჭეიშვილი სოფო ტაბატაძის 366 ნახატზე
თევზები იოდის ბადეში
- And what about the fear to jump?
- Yes Yes Yes still very afraid.
ჩამოვხტე თუ ჩამოვიდე?
ამ ნახატებზე წერა იმას გავს, სავსე მარშრუტკაში რომ „აქ გამიჩერეთს“ მაგივრად რაიმე სულ სხვას წამოიძახებ. დავუშვათ, იმას, რაც სიმძიმედ გაწვა გულზე, შეგრცხვება და ისე უცებ დააწყობ სახის ნაკვთებს, მხოლოდ აწითლებული ლოყებით თუ მიხვდებიან, რომ შენ იყავი.
მიზეზებზე და შედეგებზე ვფიქრობ. ერთხელ ბებიაჩემში რაღაც მოიშალა. სადაც საჭირო იყო და არ იყო, ყველგან „იმიტომ რომ“ კავშირს იყენებდა: „არა, არ ვიცი, როდის მოვა დედიკო, იმიტომ რომ რეკლამის დროს ჭურჭლის გარეცხვას ვაპირებ“ „ჩვენი რიკი პატარა ცუგაა, იმიტომ რომ დაბადების დღეზე ბიჭები ჯობია არ დაპატიჟო“. ამ ნახატებშიც ასეა: მიზეზ-შედეგობრიობა აირია. ოღონდ უცებ ირკვევა, რომ არეული კი არაა, ზოგადად სხვა მიზეზ-შედეგობრიობებიც მყიფე ყოფილა, ამიტომ ბარემ შეგვიძლია, ჭადრაკის დაფა დავმალოთ – ყველაფერი დავშალოთ და თავიდან ავაწყოთ.
რა კარგი იქნებოდა, ერთი ახალი ზმნის გამოსაჭერი, ზმნისთვის მახის დასაგები სისტემა ახალი სერიებით და მწკრივებით ამ ნახატებისთვის გამოგვეგონებინა. ბავშვობის თურმეობითი და წინასწარმეტყველების ხოლმეობითი. ვფიქრობ, რატომ მწკრივები და სერიები და არა, დავუშვათ, ახალი ბრუნვები არსებითი სახელებისთვის. ალბათ იმიტომ, რომ დრო ძირითადად ზმნაში ცხოვრობს. ეს ნახატები კიდევ დროზე ისე ორგანულად არის გამობმული, როგორც სხეული მენსტრუალურ ციკლზე.
მექანიკა და ბიოლოგია ერთმანეთში გადადის. მექანიკა ჭანჭინკებმოშვებულია, ბიოლოგია გამოცდისთვის უცებ ნასწავლს და მალევე დავიწყებულს ან ნაწილობრივ დამახსოვრებულს გავს. იქნებ, სულაც სახელმძღვანელოა მცდარი ბიოლოგიის სასწავლებლად. გენეტიკური ერორია: შვილი არ გავს არავის, ვიღაც სხვის ალი კვალია, თუ სხვაა მისი ალი კვალი? მუტაციები მოულოდნელი და სასაცილოა, როგორც ვაშლ-ატამა (რომელიც სხვათაშორის დამუნათების ამანათში დაიშვება!).
ვიღაცას თავისი საკუთარი კონტურები უჭირავს ხელში და მე ვფიქრობ თავს ასე თავი როგორ მოუყარა?
ისევე, როგორც მე დავიწყე ამ ტექსტის წერა წრიალით და შიშით, რომ ვერ მოვიხელთებ იმას, რასაც, მინდა, მოდუნებული ყბით როგორმე კბილი ჩავავლო; როგორ მოვიხელთო ბადე, რომელმაც ფეხი აიდგა და მორღვეულსაც კი არაფერი დასხლტომია? სადაც თვალი წავიდა და იფიქრე, რომ მორჩა, ვეღარც დაეწევი, იქ უცებ გამჭირვალე ლაქით დამაგრდა; ან სულაც წითლით, „რაა დასამალი, აქ თვალი წამივიდა და დავამაგრე.“
მგონი, ეს ნახატებიც ასე დაიწყო: შეკითხვით და მოწყენილობით, ძებნით და წრიალით, გადმოხტომის შიშით და სიმძიმით გულზე, გაწურული გულით, ყურის დაგდების თხოვნით, მჭიდროდ გამოკრული ძალით, თავზე დახვავებული არეულობით.
იმედგაცრუება მძაფრია მაგარ მანგოში, კვადრატებში, რომელშიც კატა არ იძებნება, მსუბუქ და დუნე სიცარიელეში, რომელსაც ამ კატის ვერ პოვნა ტოვებს. ეს სიცარიელე ნაკლულ კბილს გავს, რომელიც ტყუილების თქმის გამო აღარ ამოგივიდა. როცა ამბობ, რომ რობოტი არ ხარ და არ ამბობ რა ხარ, ამ უარყოფაშიც რჩება ტყუილების ცარიელი ადგილი. და ეს იმედგაცრუება მაინც ლაღი და სახალისოა. იმიტომ რომ გაცრუება, გადადის გაცურებაში, მიცურავს. და მე მეცინება.
მერე სიმძიმე გულზე მიდის. მიდის ან ითარგმნება.
- Oh cool magic is nothing strange here.
კრებითი ღმერთი შემოდის პირდაპირ ეთერში, მისი გასასვლელები, მგონი, არ იძებნება. კრებითი ღმერთი შემოდის წინასწარმეტყველებებში, რომლებიც ზოგჯერ ყოვლისმომცველია, ზოგჯერ კიდევ ბანალური, მაგრამ ისეთი სხეულებრივი, რომ რაც გინდა ქენი, ვერსად დაემალები. ან მანიფესტაციებში – ზოგჯერ, გიმხელენ იმას, რაც მოხდება, ზოგჯერ კიდევ შენ თვითონ ცდილობ იმ შენი მოსახდენის გამოხმობას.
- I can activate things and bring them to life.
მანიფესტაცია აქ ლიფტის გამოძახებას გავს, ცრურწმენა კარებზე ყურის მიდებას, იმის გასარკვევად მოდის თუ არა. შეიძლება ქარმა შეარხიოს ქვედა სართულზე კაბინის კარი და შენ ეს ხმა ლიფტის ხმაში აგერიოს. იქნებ, ასე ლიფტზე ყურმიდებულმა შეძლო კრებით ღმერთთან კავშირი. კრებითი ღმერთი კეთილია. ის ამბობს, კიდევ სცადეთ.
- Is there a connection?
- Yes, there is.
მგონია, არის გასასვლელიც. კრებითი ღმერთი გადის გზაჯვარედინებიდან, რომლებათაც ადრე თუ გვიან იქცევიან ხაზები ხელის გულებზე, ორთქლდება წინასწარმეტყველებაში ზურგზე დახატულ იოდის ბადესთან ერთად. ყველა ბადით მომინდა თევზის საჭერად წასვლა და ყველა ბადით მომინდა ვინმეს მე დავეჭირე თევზაობისას. და სულ ყველაზე მეტად იოდის ბადით.